„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს განცხადება იმიტომ არ გაკეთებულა, რომ შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩაშლილი იყოს და ეს გამოიყენოს საბაბად", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციური პარტიებისადმი, რომ მათ საპარლამენტო არჩევნებისათვის ერთიანი საარჩევნო სია შექმნან.
სააკაშვილი ერთიანი სიის შექმნის მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ ძალების გაერთიანებით შეძლებს.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიზანიც სწორედ ესაა, რომ პოლიტიკური სპექტრი ორპოლუსიანად წარმოაჩინოს და ერთიანი საარჩევნო სიაც ამ იდეას ხელს უწყობს, რაზეც „ევროპული საქართველო" არ დათანხმდება.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პირობებში, როდესაც შეიძლება პროპორციულთან მიახლოვებული არჩევნები ჩატარდეს და ამას უზრუნველყოფს არა მარტო 120/30 სისტემა, არამედ უზრუნველყოფს ასევე პოლიტიკური ძალების მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმება, ამის (ერთიანი საარჩევნო სიის) განხილვა მიზანშეწონილი არაა. იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი მიდგომააა, რომ მრავალი პარტია იყოს, პოროპორციულ ნაწილში მიიღონ მონაწილეობა და შეთანხმდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, რომ ივანიშვილს გამარჯვების წინაპირობა არ ჰქონდეს.
„მეორეა ის, რომ ივანიშვილის ინტერესია პოლიტიკური სპექტრი ორპოლუსიანად წარმოაჩინოს - რომ ერთ მხარეს თვითონაა და მეორე მხარეს სააკაშვილი. ოღონდ ეს რეალობა არაა, საქართველოში არც პოლიტიკური სპექტრი და არც ამომრჩეველი ორპოლუსიანი არაა და ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველამ კარგად გავიგეთ. ანუ, არის მრავალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰყავს განსხვავებული მხარდამჭერები და ამ რეალობის დამახინჯება და ორპოლუსიანად წარმოჩენა არასწორია, ამომრჩევლის მოტყუებაა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესის დაკმაყოფილებაა. ამიტომ ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში ხელს არ შევუწყობთ.
„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს განცხადება იმიტომ არ გაკეთებულა, რომ შემდეგ მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩაშლილი იყოს და ეს გამოიყენოს საბაბად", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.