ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეკონომიკური საქმიანობის გახსნასთან ერთად, ქვეყანაში გაიზრდებოდა მობილობა, რასაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, ასევე, სწრაფი და ეფექტური მკურნალობა და შემდგომ - ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ესაა ის, რასაც ჩვენ ვეძახით ადაპტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ყოველთვის ვამბობდით და ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსი არსად არ წასულა, ვირუსი არავის არ დაუმარცხებია, მას ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ დაამარცხებს. ესაა გლობალური კრიზისი, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის მართვა, როგორ ვუმკურნალოთ ჩვენს მოქალაქეებს, როგორ გამოვიძიოთ და მივაკვლიოთ პირველწყაროს. ესაა ის ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა გადავლახოთ ისე, როგორც აქამდე მოვედით წარმატებულად. ამასთან ერთად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეპიდსიტუაციაზე პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ყველაზეა გადანაწილებული“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საქართველოში კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 702 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3026 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 297.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.