საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
„5 წლის წინ დიდი ტრაგედია მოხდა თბილისში, საქართველოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ოჯახის წევრები დაკარგეს, მაგრამ, ყველაფერთან ერთად, ეს იყო ერთიანობის დღე, ეს იყო უდიდესი სოლიდარობისა და ერთმანეთზე ზრუნვის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა უაღრესი ძალა და ენერგია გამოავლინეს. ეს იყო ერთსულოვნების, ერთად დგომის, ერთმანეთზე ზრუნვის, უდიდესი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლინება. ჩვენ დღესაც სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ეპიდემია, ესაა დიდი კრიზისი, როდესაც იგივე ხარისხის ერთსულოვნება, იგივე ხარისხის ერთმანეთზე ზრუნვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.