გიორგი გახარია: საქართველო არის ასე თუ ისე სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება ახლა კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს

გიორგი გახარია: საქართველო არის ასე თუ ისე სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება ახლა კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს

არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რაღაცა დავასრულეთ, ან ბრძოლა დასრულებულია ან გამარჯვებას მივაღწიეთ. მარტივია ეს ყველაფერი, რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ მუზეუმში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს ხვდებიან.

„ყველანი ვხედავთ, რომ საქართველო არის ასე თუ ისე სიმშვიდის და მწვანე კუნძული მაგრამ ამის შენარჩუნება ახლა კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს. ამიტომ უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს.

როგორც კი მოვდუნდებით, გააზრებასაც ვერ მოვასწრებთ ვირუსი ისე სწრაფად გავრცელდება და ასე დავრჩებით და ვიტყვით, ეს როგორ დაგვემართა. უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არაა მარტო მთავრობის ბრძოლა, ეს ყველას ბრძოლაა, რადგან რამეს თუ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ერთობლივად. უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემიის გავრცელება. უნდა გვქონდეს მარტივი ფორმულა: სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში. გვმართებს ყურადღება თითოეულ ჩვენგანს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ, სად ვართ და რითი ვართ დაკავებული“, - აღნიშნა გახარიამ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 843 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3026 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 297.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.