პრემიერი მოქალაქეების დაბრუნებაზე: ეს არის არა გმირობა, არამედ ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება

პრემიერი მოქალაქეების დაბრუნებაზე: ეს არის არა გმირობა, არამედ ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება

როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, რესურსები შეზღუდული გაქვს და თითოეულ ლარს ითვლი, ამ პირობებში გადაწყვეტილებების მიღება რთული იყო და ბატონი დავითი ყოველთვის აყენებდა ამ საკითხს, რომ მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები. ამაში არ არის არაფერი გმირობის ტოლფასი. ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება და სწორი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი. რაც შევძელით, ის გავაკეთეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ მუზეუმში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს ხვდებიან.

„გულწრფელად მიხარია, რომ ჯანმრთელებს გხედავთ და იმყოფებით სამშობლოში. სამწუხაროდ, ბევრია ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შრომობენ საზღვარგარეთ. არაფერს ვამბობ მათზე, ვინც სწავლობს უცხოეთში - განათლება უნდა მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერ ჩვენთვის საინტერესო კუთხეში და, რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ეს ქვეყნისთვის უფრო კარგია. ეს გამოწვევა ქვეყნისთვის იყო მოულოდნელი, ზოგ შემთხვევაში შოკისმომგვრელიც. ხშირ შემთხვევაში ეს იმართებოდა მანუალურად, არანაირი გამოცდილება და მაგალითის ძალა არ გვქონდა. მით უმეტეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, რესურსები შეზღუდული გაქვს და თითოეულ ლარს ითვლი, ამ პირობებში გადაწყვეტილებების მიღება რთული იყო და ბატონი დავითი ყოველთვის აყენებდა ამ საკითხს, რომ მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები. ამაში არ არის არაფერი გმირობის ტოლფასი. ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება და სწორი დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი. რაც შევძელით, ის გავაკეთეთ. ვცდილობდით, მაქსიმალურად მივსულიყავით თითოეულ კონკრეტულ შემთხვევამდე. მინდა ვუთხრა მადლობა დიპლომატიურ კორპუსს. მე ნანახი მაქვს ჩანაწერები, რა ხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის საელჩოსთან. ეს იყო უკიდურესად ემოციური და მძიმე, თუმცა არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ბევრი ქართველია ჯერ კიდევ საზღვარგარეთ დარჩენილი, რომლებსაც უჭირს. ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ისინი, ვისაც ასეთი სურვილი აქვს, სამშობლოში დავაბრუნოთ, თუმცა ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები შევუქმნათ. არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე - მათ უნდა იმოგზაურონ, ნახონ, ჩამოიტანონ გამოცდილება, თუმცა უკეთესი იქნება, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდეთ აქ. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა - ეპიდემიაც უნდა გადავლახოთ და გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ ეკონომიკურ ფრონტზეც“, - განაცხადა გახარიამ.

სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში 12 720 მოქალაქე დაბრუნდა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პრევენციული ნაბიჯები გადადგა და ეპიდაფექთქების საწყის ეტაპზე უცხოეთში მყოფი მოქალაქეები პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან გამოიყვანა.