ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს იმიჯის დაკნინება

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს იმიჯის დაკნინება

ჩვენში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე წარმატებული პროექტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის საბოლოო მიზანს წარმოადგენს თავდაცვის უნარიანობის მოშლა და საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითება - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

„აღნიშნული მიზანმიმართული კამპანია განსაკუთრებით გაძლიერდა თავდაცვის ძალების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების მხრიდან გამოვლენილი მაღალი ეფექტური რეაგირების ფონზე. დესტრუქციულმა ძალამ განიზრახა თავდაცვის სამინისტროს როგორც ერთ-ერთი წარმატებული უწყების და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინება. საბოლოო ჯამში დესტრუქციული ძალების მიერ თავდაცვის ძალების და პირადად ჩემს მიმართ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის მიზანია მოსახლეობის თვალში ქართული ჯარის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინება, რაც ავტომატურად იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას და ერთ-ერთი მთავარი იდეისა და მიზნის - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას და თავდაცვის უნარიანობის მოშლას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნულის პასუხად მთავრობის პოლიტიკა - „სტაბილურობა და განვითარება, პროვოკაციებზე მშვიდი, ეფექტური და კომპეტენტური რეაგირება, სამშვიდობო პოლიტიკა სამეზობლოში და პარტნიორებთან სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში მაქსიმალური გაღრმავება წარმოადგენს დესტრუქციული ძალებისთვის ერთ-ერთ ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.