ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს covid-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.
მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი.
მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები.