თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან ერთად COVID-19 პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიან პროექტს იწყებს.

10 ივნისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მოაწერენ.

მემორანდუმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პანდემიის შედეგად დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გამოწვეული დავის მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას შეუწყობენ ხელს. გარდა ამისა, მხარეები ერთობლივ კვლევით და საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ, სადაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პრაქტიკოსი მედიატორები იქნებიან ჩართული და თეორიისა და პრაქტიკის გზით მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას დაუჭერენ მხარს. ამასთან ერთად თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი და მედიატორთა ასოციაცია თანამშრომლობის ერთობლივ პლატფორმას შექმნიან, რომელიც სახელმწიფოში კვლევის, განათლებისა და მომსახურების მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2011 წელს „სამხრეთ სამართლის სკოლის“ (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ პროგრამის „მართლმსაჯულების, დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“  საერთო ინიციატივით დაფუძნდა.