ფაქტია და დადასტურდა, რომ ვირუსს სეზონურობა ნამდვილად არ ახასიათებს, რადგან დღეს, თბილ ქვეყნებში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსზე მეტია, ვირუსი ბობოქრობს - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ შეიძლება უგულებელვყოთ მეცნიერების აზრი, რომლებსაც ჰიპოთეზის ფარგლებში ჰყავდათ მოყვანილი, რომ ვირუსი სეზონური და თერმოსტაბილურია. ეს მითი აღმოჩნდა. სეზონურობა არ წარმოადგენს ამ ვირუსის ბიოლოგიურ განმსაზღვრელ ნიშანს და აქედან გამომდინარე, ეს ვირუსი მიძინების რეჟიმში არ უნდა გადავიყვანოთ, მასთან ბრძოლაში ისევ აქტიურები უნდა ვიყოთ. 100-ჯერ მეტად გააფთრებული უნდა ვიყოთ, რომ ვირუსმა ჩვენს ქვეყანაში ენდემური მიმდინარეობა არ მიიღოს “, - აღნიშნა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 9 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 810 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.