„ევროპული საქართევლოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, თბილისის ორზე მეტ ოლქში „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი არ ეყოლება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი ამოსავალი არის არა ის, რომ რომელიმე პარტიამ მეტი ოლქი აიღოს, არამედ ის, რომ იყვნენ ცნობადი და მაღალი პოლიტიკური კალიბრის ლიდერები.
„ორზე მეტი ოლქი თბილისში „ევროპულ საქართველოს“ არ ექნება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის არა ის, რომ რომელიმე პარტიამ მეტი ოლქი აიღოს, არამედ ის, რომ იყვნენ ცნობადი და მაღალი პოლიტიკური კალიბრის ლიდერები. რაც მთავარია ამომრჩეველს იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ თბილისში შეთანხმებული მაჟორიტარები, ეს არის მთელი ოპოზიციის მაჟორიტარები. ამიტომ, ამოცანა არის, ის, რომ არსებული ადგილები ისე გადანაწილდეს, რომ ყველას მოგების შანსი გაიზარდოს. ჩვენ სწორედ ამ კუთხით ვუყურებთ კონსულტაციას. ასე უყურებენ პროცესს სხვა პარტიებიც და ამიტომ, მე გადაულახავ პრობლემას ვერ ვხედავ. ამ ეტაპზე პარტიებს შორის რაოდენობებთან დაკავშირებით პრობლემური საკითხი არ დგას. საუბარია მხოლოდ იმაზე, კონკრეტულად რომელი პარტიები და რომელი ლიდერები უკეთ წარმოადგენენ თბილისში ოპოზიციურ ერთობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა ის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბაქრაძე პასუხობს, რომ კონკრეტულად ვისი კანდიდატურები განიხილება „ევროპული საქართველოს“ მხრიდან, ამაზე ჯერ ვერ ისაუბრებს.
„ჯერ ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მოლაპარაკებების პროცესში არაკორექტული იქნება. რა თქმა უნდა, მე ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული პარტიულ კამპანიაში და პროპორციულ ნაწილში, როგორც „ევროპული საქართელოს“ სიით პირველი ნომერი და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმების შემთხვევაში თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი ვიყო. თუ პოლიტიკური პარტიებისა და მათ შორის, ჩვენი პარტიის შეფასებით, ჩემი კანდიდატურის დაყენება ამ სურათში ჩაჯდება და საერთო ოპოზიციის მოგების შანსს გაზრდის, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილული იქნება“,- აღნიშნა ბაქრაძემ.