პაატა იმნაძე: ის, რომ ბოლო დღეებში ინფიცირების თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

პაატა იმნაძე: ის, რომ ბოლო დღეებში ინფიცირების თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

ის, რომ ბოლო დღეებში ინფიცირების ერთეული შემთხვევები ვლინდება, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, დღეიდან ახალი ბიზნესაქტივობები იხსნება ქვეყანაში. ამასთან, ერთ კვირაში გაიხსნება შიდა ტურიზმიც. ასე რომ, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული იმისთვის, რომ ყველანაირი რისკის სამართავად ვიყოთ მზად. ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო-ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგანაც კორონა არსად არ გამქრალა და ის ისევ ჩვენს გვერდითაა. ვხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით - თავშეყრის ადგილებში“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 9 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 810 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 683 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 237.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.