მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მძიმე პნევმონიით მხოლოდ ერთი პაციენტი მკურნალობს, რომლის დაავადებაც ჯერჯერობით პროგრესირებადია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, დღეს და გუშინ დადასტურებული თითო-თითო შემთხვევა, საკარანტინო სივრციდანაა.

„ერთი პაციენტი გვყავს მძიმე, რომლის დაავადება შემოსვლის დღიდან პროგრესირებს და ამ ეტაპზე განიხილება როგორც მძიმე პაციენტი, მძიმე პნევმონიით, მაგრამ იმედია, პროგრესირება შეჩერდება, დაემორჩილება მკურნალობას და გამოსავალი კარგი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, არსებული მონაცემებით და ლაბორატორიული, გაფართოებული კვლევებით, კრიტიკული მდგომარეობით არ ფასდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, დღეს გამოჯანმრთელებული 9 პაციენტიდან 6 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ამ ეტაპზე კი კლინიკაში 47 პაციენტი რჩება.

„ამ ორი დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა ყოველდღე მხოლოდ ერთი იყო. სულ ჯამში არის 810 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც კარგად გაიზარდა, გუშინ 11 გამოჯანმრთელებული იყო, დღეს 9 და ჯამში არის 683 გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 114 პაციენტი. დადასტურებული შემთხვევები საკარანტინო სივრციდანაა და იმპორტირებული, შემოტანილი შემთხვევებია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.