ნათია თურნავა: ძალიან კარგად ესმის ადგილობრივ ტურიზმს, სასტუმროებს, რომ მათი უსაფრთხოების ხარისხი არის ჩვენი კონკურენტუნარიანობის საწინდარი

ნათია თურნავა: ძალიან კარგად ესმის ადგილობრივ ტურიზმს, სასტუმროებს, რომ მათი უსაფრთხოების ხარისხი არის ჩვენი კონკურენტუნარიანობის საწინდარი

ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ადგილი და ტურისტული დანიშნულების ქვეყანა. ტურიზმის ინდუსტრია იქნება მზად, რომ უსაფრთხოდ უმასპინძლოს სტუმარს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მოლოდინები ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიას იმედიანი და პოზიტიური აქვს. „ემზადებიან, ასრულებენ ყველა მოთხოვნას, ყველა ნორმას და ჩვენ მათ ხელს ვუწყობთ“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია ფრთხილად გაიხსნება. „თუ ზოგადად ვისაუბრებთ არსებულ რეალობაზე, ჩვენ წლის ბოლომდე საკმაოდ ფრთხილ მიდგომას გამოვიყენებთ. დიდი კონტროლის ქვეშ იქნება საერთაშორისო ტურისტული ნაკადები. გახსნა არ მოხდება საყოველთაოდ, ეს იქნება სელექტიურად. 2021 წლიდან უფრო მაღალი დატვირთვა წამოვა ტურისტულ ინდუსტრიაზე და ყველაფერი დაუბრუნდება აღმავალ ტენდენციას“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია იყო თანაავტორი იმ რეგულაციებისა რომელიც ახლა ინერგება. „ყველა უსაფრთხოების ნორმა აქვთ გათავისებული. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნები. ისეთი მოთხოვნები, რომლებიც რთულად შესრულებადი იყო ჩავანაცვლეთ მარტივად შესრულებადი ალტერნატივებით. ეს იყო დეტალური სამუშაო, რომელიც განხორციელდა საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში. პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენ ვიყავით ჩართული. თვითონ ინდუსტრიიდან მოდიოდა ბევრი იდეა. ძალიან კარგად ესმის ჩვენს ქართულ ტურიზმს, სასტუმროებს, რომ მათი უსაფრთხოების ხარისხი არის ჩვენი კონკურენტუნარიანობის საწინდარი“, - აღნიშნა თურნავამ.

1-ლი ივნისიდან სტუმრების მიღება ღია სივრცის მქონე რესტორნებმა შეძლეს, 8 ივნისიდან კი დახურული სივრცის გამოყენებასაც დაიწყება. 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სასტუმრო და აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა.