„ჟორიკა რურუა არ არის „ჩვეულებრივი“ კრიმინალი, მხოლოდ სასტიკი მკვლელი, ბანდიტი, მაფიოზი ან სხვ. იგი - განსაკუთრებით საშიში ტერორისტია“

„ჟორიკა რურუა არ არის „ჩვეულებრივი“ კრიმინალი, მხოლოდ სასტიკი მკვლელი, ბანდიტი, მაფიოზი ან სხვ. იგი - განსაკუთრებით საშიში ტერორისტია“

„ჟორიკა რურუა არ არის „ჩვეულებრივი“ კრიმინალი, მხოლოდ სასტიკი მკვლელი, ბანდიტი, მაფიოზი ან სხვ. იგი - განსაკუთრებით საშიში ტერორისტია“ -  წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

„ბოროტების საძმო“ არ გახლდათ ოდენ „ბანდიტური“, „მაფიოზური“ და სხვ. ე.ი. „ორდინალური“ კრიმინალური დაჯგუფება; იგი განსაკუთრებით საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდა; მისი მიზნები იმთავითვე,როგორც კი შეიქმნა, გამორჩეულად ტერორისტული იყო. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით (იხ სსკ-ს 323-ე მუხლის შენიშვნა) ტერორისტული მიზანი მკაფიოდ და ცალსახად განიმარტება: „ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება.“

ტერორისტული განზრახვა - პოლიტიკური შინაარსისაა და ნიშნავს ძალადობრივი, ტერორისტული აქტით ( მკვლელობით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით, მძევლად აყვანით და სხვ.), რომელსაც მოჰყვება მასობრივი შიშის დათესვა, ხელისუფლების ორგანოების, სულ ცოტა - იძულებას, უარეს შემთხვევაში - საერთოდ მათ დამხობასა და განადგურებას, ძალაუფლების მოპოვებისა და მთლიანად საზოგადოებაზე, ანდა მის ნაწილზე გაბატონებისთვის; ტერორიზმის იდენტიფიკაციისთვის არსებითია როგორც ტერორისტული მოტივი - მასობრივი შიშის დათესვით გაბატონება, ასევე ტერორისტული მეთოდიც - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ისეთი ძალადობა, რაც შიშის ზარს დასცემს ხელისუფლებასაც, მოსახლეობასაც და ამ გზით ტერორისტთა ნებას გააბატონებს;

„თორაძეების საქმე“ - სწორედ ასეთ ტერორისტული აქტის მკაფიო მაგალითია; თორაძეების ოჯახის გაჟლეტის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ პირადი ანგარიშწორება, შურისძიება, ეს არ იყო კრიმინალური გარჩევის გაგრძელება; ეს იყო საჯაროდ, არა მხოლოდ უამრავი მოწმის თანდასწრებით, არამედ მთელი ქვეყნის დასანახად და მასობრივი შიშის დასათესად დემონტრაციულად ჩადენილი არაადამიანური სისატიკე, რასაკვირველია - ტერორისტთა პოლიტიკური ნების, მათი გაბატონების უზრუნველსაყოფად;

იგივეს თქმა შეიძლება სვანაძესა და ვეფხვაძის სასტიკ მკვლეობებზეც, რომლის მიზანი ასევე ტერორისტულია - ეს არ იყო მხოლოდ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი „ორმაგი“ პოლიტიკური მკვლელობა, არამედ - სწორედაც თავზარის დაცემა მაშინდელი „პოლიტიკური კლასისთვის“, რათა „ბოროტების საძმოს“ ნებას წინ ვერაფერი აღდგომოდა; ასევე, ტერორისტულ აქტებს წარმოადგენდნენ მაშინდელი გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობები, უწინარესად - გია ჭანტურიას, უსასტიკესი მკვლელობა ( გია ჭანტურია არა „ბოროტების საძმომ“ არამედ სხვა ტერორისტებმა მოკლეს).

რასაკვირველია, „ბოროტების საძმო“ უფრო მსხვილი ორგანიზაციის - „მხედრიონის“, რომელიც იმ დროინდელ ნახევრად- ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეზრდილი ნახევრად-ტერორისტული ორგანიზაცია იყო, სტრუქტურულ ერთეულსა და მის ერთგვარ „დაკვრელ ბრიგადას“ წარმოადგენდა; ტერორისტული ძალადობა მაშინ, იმ საშინელ დროში, ძალაუფლების განხორციელების „საბაზისო მეთოდოლოგიად“ იქცა;

ტერორიზმის ეპოქა, ე.წ. „მხედრიონობია“, საქართველოში, რასაკვირველია, 1995 წელს, როცა კონსტიტუცია მივიღეთ, ფორმალურად თითქოსდა დასრულდა; თუმცა, როდესაც 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციით ქვეყანა ისევ ასცდა კონსტიტუციურობის გზას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ გამოიხმო და :გააცოცხლა" ტერორიზმი და ტერორისტები. ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება - ძმები რურუებია, მაგრამ არა მარტო.

რა უნდა გაკეთდეს? რასაკვირველია, თორაძეების საქმე, ისევე როგორც ვეფხვაძე-სვანაძის მკვლელობები, რაც აშკარად ატარებს ტერორისტული აქტებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, დასაბუთებული ეჭვისთვის საკმარისზე მეტი სამართლებრივი საფუძველია, რათა ჟორიკა რურუას და მთლიანად, „ბოროტების საძმოს“ მიმართ, დაიწყოს და წარიმართოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ უმძიმესი დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის 38-ე თავით (იხ. სსკ-ს 323-ე - 331-ე მუხლები) – „ტერორიზმი“.

აქ ისიც არსებითია, რომ ტერორისტულ დანაშაულთა აბსოლუტური უმრავლესობა განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანასაულთა კატეგორიას და სსკ-ს 71-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ასეთი დანაშულებისთვის 30 წელია. ამიტომ, იმთავითვე მცდარია აზრი, რომ ხანდაზმულობის გამო ჟორიკა რურუას ანდაც „ბოროტების საძმოს“ რომელიმე სხვა წევრს, რომელსაც ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

პირადად ჩემთვის არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ჟორიკა რურუა - ტერორისტია. ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს და ჩემი თუ თუნდაც საზოგადოების დიდი ნაწილის ეს ეჭვი არაფერს ნიშნავს, სანამ ჟორიკა რურუას ტერორისტობას სასამართლო არ დაამტკიცებს.

მაგრამ თუ სასამართლო მას მსჯავრს დასდებს ტერორიზმში, მაშინ - ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა: პოლიტიკურადაც აბსოლუტურად აშკარა და ბრმათათვისაც ნათელი გახდება: „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო დარაზმული ე.წ. ოპოზიციური ბანაკი, არის ტერორიზმისა და ტერორისტების, რომელთა სახე და სიმბოლოცაა ჟორიკა რურუა, თავშესაფარი და მფარველი ორგანიზაცია!

წარმოუდგენელია, ასეთ ორგანიზაციას, რომელიც მფარველობს და პოლიტიკურ საქმიანობაში იყენებს ტერორისტებს, მხარს უჭერდეს კეთილი ნების რომელიმე ადამიანი, იქნება იგი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

ტერორისტების მფარველთა არა მხოლოდ მხარდაჭერა, არამედ, მათთან რაიმე პოლიტიკური თანამშრომლობა - უდიდესი სირცხვილი და თავის მოჭრაა!"