ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2000 წელს აშშ-დან გიორგი რურუას დეპორტაცია განხორციელდა. მას ინტერპოლი ეძებდა.

2000 წლის 15 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო შეტყობინება, რომ ჯორჯიის შტატში საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ დაკავებული არა კურცხალია, არამედ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა იყო.

„ქრონიკას“ გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბაია ცანავამ განუცხადა, რომ გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე.

„გიდასტურებთ, რომ გიორგი რურუას ექსტრადიციის მოთხოვნით 2000 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებს. გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე. 2000 წლის 26 ივნისს გიორგი რურუა დეპორტირებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემდგომი სამართლებრივი პროცედურების აღსრულების მიზნით“, - განმარტა გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.