რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს:  ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ - როგორ შეიძლება ყოველთვის 40 მლნ გამოიტანოთ, ეს რა არის მკითხავმა გითხრათ, მაგიური რიცხვია?

რომან გოცირიძე კობა გვენეტაძეს:  ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ - როგორ შეიძლება ყოველთვის 40 მლნ გამოიტანოთ, ეს რა არის მკითხავმა გითხრათ, მაგიური რიცხვია?

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-მდე სუბსიდირების პროგრამაში მხოლოდ ის სამშენებლო კომპანიები არიან ჩართულნი, რომლებიც ხელისუფლებასთან და კონკრეტულ დეპუტატებთან არიან დაკავშირებული. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომელმაც 2019 წლის ანგარიში წარადგინა ჰკითხა, ეთანხმება, თუ არა უცხოეთიდან მოზიდული თანხების ამგვარ ფლანგვას.

„ყველას ჰგონია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავლი არის ფულის ფლანგვა. მთავრობა მოზიდული მილიარდებს ხარჯავს ათასი მიმართულებით, მათ შორის კორუფციული მიმართულებითაც. გუშინ სპეციალურად მივიდა ბანკში ჩვენი პარტიის წარმომადგენელი და შეამოწმა იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ სამშენებლო კომპანიებთან შეიძლება სუბსიდირება , რომლებიც დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, კონკრეტულ დეპუტატებთან. ამით ფაქტობრივად კონკურენცია კვდება სამშენებლო ბიზნესში. ხართ უცხოეთიდან მოზიდული ფულის ასეთი ფლანგვის მომხრე?“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს თავისი მთავარი ამოცანა, ფასების სტაბილურობა დაავიწყდა და პოლიტიკა შეარბილა.

„თქვენ უნდა ყოფილიყავით მთავრობის მოწინააღმდეგე, გადახვედით ეკონომიკის სტიმულირების იდეოლოგიაზე. მთავრობის ველში შეიჭერით, ფეხბურთელი რომ გადავიდეს და ჰოკეის თამაში დაიწყოს, ასე მოგივიდათ“, - მიმართა გოცირიძემ სებ-ის პრეზიდენტს.

რომან გოცირიძე ასევე დაინტერესდა არის თუ არა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის განვითარების სერიოზული რისკი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სებ-ის სავალუტო ინტერვენციებზე.

"როგორ შეიძლება ყოველთვის 40 მილიონი გამოიტანო, ეს რა არის მკითხავმა გითხრა, მაგიური რიცხვია?", - აცხადებს გოცირიძე.