მამუკა მდინარაძე „ფრონტერას“ წერილზე: ახლა, გინდა წერონ, გინდა, იკითხონ

მამუკა მდინარაძე „ფრონტერას“ წერილზე: ახლა, გინდა წერონ, გინდა, იკითხონ

„ფრონტერამ“ დავა წააგო და აღმოჩნდა, რომ რასაც ისინი ლაპარაკობდნენ იყო ტყუილი და ქართული სახელმწიფო იყო მართალი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე ჰკითხეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ფრონტერას“ თანხმობის შემთხვევაში, სახელმწიფო თანახმაა, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჯაროვდეს.

„სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ვიღაც თავისი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის და მეგობარი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს და ეს გამოიხატება იმაში, რომ „ფრონტერასთან“ რაღაც დავა არსებობს, ამის ლაპარაკს და წერილების წერას, სჯობს გაასაჯაროონ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ყველანი ერთად ვნახავთ, რომ დავა წააგეს.

დავის წაგების მიუხედავად, ისინი ჯიუტად, მხოლოდ პიარული გათვლებით აგრძელებენ მსგავსი პათოსით საუბარს. „ფრონტერამ" დავა წააგო, აღმოჩნდა, რომ რასაც ისინი ლაპარაკობდნენ იყო ტყუილი და ქართული სახელმწიფო იყო მართალი. ახლა წერილები გინდა წერონ, გინდა იკითხონ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მხოლოდ პიარული დატვირთვა აქვს და ემსახურება სახელმწიფოს და ხელისუფლების დაზიანებას.

არსებობს შეთანხმება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ დავასთან დაკავშირებით, უნდა გასაჯაროვდეს მხარეთა შეთანხმებით. ქართული სახელმწიფო მზად არის გასაჯაროვდეს, თუ ამას დაეთანხმება „ფრონტერაც“. ახლა ჯერი „ფრონტერაზეა“ და თუ ისინი ერთი პროცენტით მაინც არიან მართლები, კეთილი ინებონ, მოგვცენ თანხმობა, რომ გასაჯაროვდეს ეს გადაწყვეტილება და ყველაფერი იქნება ნათელი" , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ფრონტერას“ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც მოუწოდა.

პრემიერისთვის გაგზავნილ წერილში, „ფრონტერას“ ხელმძღვანელები 2013 წლიდან მზარდ ანტიამერიკულ განწყობებსა და დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ.

სასამართლომ 2020 წლის 17 აპრილს დაადგინა, რომ ​„ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია.

ამასთანავე, სასამართლომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ და ფრონტერა აშშ-ს მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

Goliaff ვაა სტრატეგიული პარტნიორიც ტყავს გვაძრობდა?! ჩვენი საშველი არ არის რა, ფიჯის კუნძები დარხჩა ვინც ჯერ არ გამოგვიყენა...
3 წლის უკან