საქართველოში კორონავირუსის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად ყოველი მეხუთე მოქალაქე შეიძლება ჩაითვალოს - მთავრობის ანგარიში

საქართველოში კორონავირუსის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად ყოველი მეხუთე მოქალაქე შეიძლება ჩაითვალოს - მთავრობის ანგარიში

ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საპენსიო ასაკის 762 621 ადამიანი ცხოვრობს (მთლიანი მოსახლეობის 20.5%), შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის ანალიზი. ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 716 858 ადამიანს შეადგენს, აქედან საპენსიო ასაკისაა 762 621 პირი (მთლიანი მოსახლეობის 20.5%). შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ავადობის ტვირთი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია - 80%, აქედან: გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის - 40%, ქრონიკული რესპირაციული დაავადებებისთვის -22%, სიმსივნეებისთვის - 15% და დიაბეტისთვის - 3%.

შეზღუდვების საჭიროების ანალიზისას საყურადღებოა, რომ ქვეყნებს, რომლებმაც პასიური საპასუხო ღონისძიებები აირჩიეს, პირველი 100 შემთხვევის შემდეგ 500 შემთხვევა 5-8 დღეში დაუდგათ. მეორე მხრივ, აზიის ქვეყნებში, რომელთაც ეპიდემიასთან ბრძოლის მკაცრი და დროული ღონისძიებები გაატარეს (სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი), პირველი 100 შემთხვევა 20-36 დღის შემდეგ დაფიქსირდა. მსოფლიო სტატისტიკა ნათლად აჩვენებს საქართველოს წარმატებას, რადგან გატარებული ღონისძიებების შედეგად, პირველი 100 შემთხვევის გამოვლენა ეპიდემიის დაწყებიდან 30-35 დღეზე მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.