კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნება

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ამსახველი ანგარიში პარლამენტს დღეს გადაეგზავნება

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული ნებიჯების ამსახველი ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, დაინტერესებულ პირს ეს ანგარიში უხსნის, თუ რა სქემით, რა მოტივით და რა სტრუქტურით მიიღებოდა გადაწყვეტილებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ანგარიშზე მუშაობამ სუსტი წერტილებიც გამოავლინა.

„პარლამენტში ანგარიშის დროს განვაცხადეთ, რომ წერილობით ანგარიშსაც წარვადგენდით COVID-19-თან დაკავშირებით მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ეს ღონისძიებები დაიწყო 22 იანვრიდან და დასრულდა 22 მაისს.

ჩვენ ზუსტად ამ პერიოდის ანგარიში, წერილობით გვაქვს მომზადებული, ის დღეს გაეგზავნება პარლამენტს და ასევე აიტვირთება მთავრობის შესაბამის ვებგვერდებზე.

ვთვლით, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, თუ რა სქემით, რა მოტივით და რა სტრუქტურით მიიღებოდა გადაწყვეტილებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

ამ ანგარიშში ყველაფერი დეტალურად არის ახსნილი და გაშიფრული. ასევე, მოტანილია ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რის გამოც ჩვენ მოგვიწია ასეთი მძიმე შეზღუდვების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ფაქტობრივად, აქ არის თითოეული უწყების და მთავრობის მიერ სრულად გადადგმული ნაბიჯების ანალიზი.

ანგარიშზე მუშაობამ დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმ სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა.

იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის, გვინდა, გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე (მათ შორის სოციალური, პოლიტიკური, ასევე, ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ასე შემდეგ) კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დავიწყოთ ფართო კვლევა.

ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების ჩატარებაში, მაქსიმალურად სწრაფ დროში, გარდა იმისა, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, უკეთ მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისთვის, რა თქმა უნდა, ეს იქნება შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.