„ოპოზიცია ამჯერად უფრო მომზადებული იყო“ - ძაბირაძე პარლამენტში პრემიერის გამოსვლასა და დებატებზე

„ოპოზიცია ამჯერად უფრო მომზადებული იყო“ - ძაბირაძე პარლამენტში პრემიერის გამოსვლასა და დებატებზე

29 მაისს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოპოზიცია უფრო მომზადებული კითხვებით დახვდა. ამის შესახებ „რეზონანსს" ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მხარეთა შორის მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ოპოზიცია შედარებით უკეთ გამოიყურებოდა.

„ველოდებოდით, რომ გუშინდელი შეხვედრა პარლამენტში იქნებოდა უფრო მძაფრი, ვიდრე პირველი გამოსვლა, როდესაც პრემიერი მივიდა თავისი ინიციატივით და მგონია, რომ ეს ასეც მოხდა, რადგან ოპოზიცია გაცილებით მომზადებული შეხვდა. ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალე ფორმაში იყვნენ, მაგრამ გაცილებით უკეთესად გამოვიდნენ. შესაბამისად, გუშინდელ შეხვედრას მეტი სიმძაფრე ჰქონდა, ვიდრე რამდენიმე დღის წინანდელს," - აღნიშნა ძაბირაძემ.

29 მაისს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს უსმენდნენ, რომელიც საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" ინტერპელაციის წესით დაიბარეს.