გიორგი გახარია: სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია უმძიმესი საყურებელია

გიორგი გახარია: სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია უმძიმესი საყურებელია

უმძიმესი საყურებელია კომპენტეციისგან დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ბავშვების გაჭირვება, თითოეული მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ახლა მინდა მივმართო მოქალაქეებს. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა რაღაც დასკვნის გაკეთება. უბრალოდ მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ. მათ იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია - ორი პოლიტიკური გუნდის. თავი რომ დავანებოთ კითხვების ფორმულირებას, ხალხი ელოდებოდა, რომ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, ბევრ სხვა რაღაცაზე. ყველას დაავიწყდა ეს კითხვები და გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია და პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, მაგრამ როცა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვის, როდესაც დღეს გვყავდა 8 ახალი ინფიცირებული, ამ პერიოდში ერთმანეთზე გადაბრალება რთულია. ეს არის იმედგაცრუება - უმძიმესი საყურებელია კომპენტეციისგან დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ბავშვების გაჭირვება, თითოეული მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს. ეს ადამიანი გვთავაზობენ, შოკურ კრიზისზე გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების დახარჯვას. საპენსიო ფონდი არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური გარანტია, რომელიც თურმე დღეს უნდა დავხარჯოთ. გარდა ამისა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იძლევა დაპირებას, რომლის ფასიც არის 16-მილიარდიან ბიუჯეტში 6,2 მილიარდი ლარი. ეს ქვეყნის ბიუჯეტს 14%-იანი დეფიციტის ფაქტის წინაშე აყენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია არანაირ საფინანსო მხარდაჭერას არ გაგვიწევს. ეს ნიშნავს იმას, რომ მაისიდან ვერ გაიცემა პენსიები, ხელფასები პოლიციისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის; შეწყდება მიმდინარე ოპერაციები; საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დადგება კოლაფსის წინაშე. ეს ყველაფერი საღდება ისე, თითქოს ეს არის ქვეყანაზე ზრუნვა. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სოციალური პროგრამა არის ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკას, თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ოჯახს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური დანაკლისებით გამოვიდეს ამ კრიზისიდან“, - განაცხადა პრემიერმა.