New York Times: გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს

New York Times: გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს

საქართველო 8 ივნისამდე განაახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გახსნის მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებს, განაცხადა ოთხშაბათს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. ამ თემას New York Times სტატიას უძღვნის.

პრემიერმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო, განახლდება 29 მაისს, ხოლო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, გადახურული და ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზრები და ღია სივრცეების მქონე რესტორნები პირველი ივნისიდან გაიხსნება.

ყველა ტიპის რესტორანი, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან განაახლებს ფუნქციონირებას.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.

არ გაიხსნება საცურაო აუზები, სპორტული დარბაზი, თეატრები და ღამის კლუბები.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.