ჯანმო: შეშფოთებული ვართ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდით

ჯანმო: შეშფოთებული ვართ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარია ვან კერხოვეს განცხადებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ არის ვირუსის გავრცელების ცხელი წერტილები, რაც შეშფოთებას იწვევს.

CNN-ის ეთერში სიტყვით გამოსვლისას მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ რუსეთში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ აზიისა და ევროპის რიგ ქვეყნებში კვლავ შეინიშნება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა.

„ძალიან შეშფოთებულნი ვართ ამ ფაქტით, ვინაიდან ამ ვირუსს ძალიან სწრაფად გავრცელების უნარი აქვს. ჩვენ უკვე ვიხილეთ, თუ რა გავლენას ახდენს ეს ვირუსი მოსახლეობის მოწყვლად ნაწილზე. ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.