გიორგი გახარია: ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები

გიორგი გახარია: ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები

ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი და ჩვენი საზოგადოების ერთობლივი შრომის შედეგია, თუმცა ვირუსი ჯერ ჩვენთან რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვაწოდა სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი ძალზე მცირეა და რისკები არის შემცირებული. თუმცა, ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ის რჩება ჩვენთან და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას 29 მაისიდან განაახლებს, პირველი ივნისიდან ყველა სახის მაღაზია და მოლი, ასევე ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება.

საქართველოში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი..

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.