გიორგი გახარია: ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება

გიორგი გახარია: ქვეყანაში ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამას შემდეგი ფაქტები ადასტურებს:

„პირველი: ინფიცირებულების ახალი შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ერთი მხრივ ადასტურებს იმას, რომ საკარანტინო ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება. მეორე: ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ ჩვენთვის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომლებზეც აქტიურად მუშაობას საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. რეალურად ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს და ეს ჩვენი ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგია“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსი 735 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 557 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი..

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.