საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" აღარ მოქმედებს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს. შესაბამისად, მოქალაქეებს ღამის საათებში გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ. თუმცა, ქვეყანაში კვლავ რჩება რიგი შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მოქმედებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც ვირუსი ბოლომდე დამარცხებული არ არის, მთავრობას კვლავ უწევს აქტიური ღონისძიებების გატარება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა რისკის ქვეშ არ დადგეს მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

"დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანაში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 23 მაისიდან, ანუ დღეს 12:00 საათიდან გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს "კომენდანტის საათიც". მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ კოვიდ-19-ის გავრცელება. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება-ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა. ე.წ. კომენდანტის საათი კი 31 მარტიდან მოქმედებდა.