კელი დეგნანი: ვფიქრობ, პარტიებმა იციან, 8 მარტის შეთანხმება რასაც გულისხმობს

კელი დეგნანი: ვფიქრობ, პარტიებმა იციან, 8 მარტის შეთანხმება რასაც გულისხმობს

იმ საქმესთან დაკავშირებით საუბარი, რომელზეც სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, სწორად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება თავის სათქმელს თვითონ ამბობს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესში სწორედ 8 მარტის შეთანხმების შესრულება შედის იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარება მოიხსნას.

„მე ვიტყოდი, რომ 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია საქართველოს საუკეთესო ინტერესს ემსახურება, პოლიტიკურად დაძაბული ვითარების დეპოლარიზიაციისთვის, რათა შექმნას შემოდგომის არჩევნებისთვის ისეთი პირობები, რომელითაც საქართველო იამაყებს“, – ამბობს კელი დეგნანი.

აშს-ის ელჩმა კითხვაზე, გიორგი რურუას საპატიმროში დარჩენის პირობებში, ჩაითვლება თუ არა 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად, განაცხადა:

„არ იქნება მართებული, კომენტარი გავაკეთო საქმეზე, რომლის განხილვაც სასამართლოში მიმდინარეობს. 8 მარტის შეთანხმება თავად განმარტავს ყველაფერს და დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს. მხარეებმა იციან, რა პირობებზე დათანხმდნენ.

მისი სრულყოფილი განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ეს არის მიმართული პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციაზე“, – განაცხადა ელჩმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.

ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.