ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„... წლებია ვუყურებთ და ვისმენთ ამ გაუთავებელ ე.წ. დებატებს და "თოქ-შოუებს" ყველგან , სადაც კი თვალი მოგვიწვდება და ყური გაგვიჭრის...
აუარებელი ექსპერტი, მონიტორი, ობსერვერი, წარმომადგენელი, მენტორი, ენჯეოელი, კოლუმნისტი, მარკეტოლოგი, "პიარმენი" და "პიარვუმენი", ანალიტიკოსი, პრეზენტატორი, სტაჟიორი, სუპორტერი, ბლოგერი, ვლოგერი და ა.შ. გვმოძღვრავს, გვზაფრავს, გვამშვიდებს, გვაგიჟებს, გვაგინებს, გვიყვირის, გვეფერება, გვ@@@ავს და გვკვლავს ეთერიდან დილით, შუადღეს, საღამოს, შუაღამეს , გარიჟრაჟზე თუ სამხრობისას...
ყველა მათგანი თავდაჯერებული, ქედმაღლური, ინტელექტუალური ფიზიონომიით აკეთებს ყველაფერ ამას და , თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრა და განათლების ცენზი მოსთხოვა - დიდი სიამაყით და თვითკმაყოფილი , ირონიული ღიმილით ააფრიალებს რომელიმე ქვეყნის რომელიმე უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის თუ ჰაი-სქულის ორკვირიან, მაქსიმუმ ერთთვიანი კურსების გავლის დამამტკიცებელ სერტიფიკატს , რომლის მრავალი ასლი მისსავე სახლში საძინებლის თავზე, სამუშაო ადგილის უკან კედელზე ან სულაც ავტომანქანის საქარე მინაზე აქვს გაკრული...
ყველაფერს ნახავს ჩვენი თვალები და მოისმენს ჩვენნი ყურნი ამ აურზაურში, გარდა დალაგებული, ჭეშმარიტად ინტელექტუალური და მართლაც საგანმანათლებლო დარბაისლური საუბრისა და დეკლამაციისა , რომელიც დაამშვიდებს ადამიანის აფორიაქებულ ხასიათს, მოუხმობს გონიერებისკენ და მასთან ამ ვირტუალური კონტაქტის შემდეგ სულ მცირე სიახლეს მაინც შესძენს მის ინტელექტს...
ეს ყველაფერი კი ხდება მხოლოდ და მხოლოდ და ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ფაქტიურად აღარ არსებობს რეალურად განათლებისკენ მომწოდებელი ადამიანთა ჯგუფი, ერთობა, სიმრავლე თუ გაერთიანება!!!
არ ჩანს არსად რომელიმე საბუნებისმეტყველო თუ ფუნდამენტური მეცნიერების ღრმა , საფუძვლიანი ცოდნის მატარებელი მასწავლებელი, ლექტორი, პროფესორი, დოქტორი, აკადემიკოსი ...
არსად არ ჩანან ფუნდამენტურ მეცნიერებათა თუ დარგობრივი და საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსები თუ წევრ-კორესპონდენტები, მათი აღზრდილი პროფესორები, დოქტორები, მასწავლებლები...
ვფიქრობ და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ აკადემიკოსების, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა , პროფესურის და დოქტორანტურის პასიურობის, უინიციატივობის, შემგუებლობის და ნიჰილისტობის ბრალია მხოლოდ!!!
თუ ეს ასე არაა, მაშ რა ძალის გავლენით და რა ჯანსაღი ფსიქიკით ითმენენ ისინი ამდენ გაუნათლებლობას და უმეცრებას, რომელიც ყოველ წამს და ყოველ წუთს გვხრავს და გვინელებს?!
და ბოლოს- სადაა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მისი პრეზიდენტი, მისი პრეზიდიუმი, სწავლულთა საბჭო და ა.შ.!!!
როგორ ითმენთ ამ ყველაფერს, როგორ????
და თუკი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებთ და ითმენთ - მაშ, იმ ტაძრისა არ იყოს, რა საჭიროა ეს ამდენი აკადემია და აკადემიკოსი?!
პ.ს. ცნობისათვის - სამწუხაროდ, ზუსტად ათი დღის წინ დავტოვე საკუთარი ნებით ერთ-ერთი დიდი უმაღლესი სასწავლებლის დოქტორანტურა ჩემთვის სამწუხარო ყველა ზემოთ დასახელებული და ჩამოთვლილ მიზეზზე გაჩენილი პროტესტის გამო .“