ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, ჩვენ გვყავს კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება შემაფერხებელი იმისთვის, რომ კონკრეტულ საქმეებზე განაჩენი დადგეს.
ამასთანავე, კახა კალაძის განმარტებით, შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ვერ იქნებოდა, რადგან მთავრობას პატიმრების გათავისუფლების კომპეტენცია არ აქვს.
„8 მარტის შეთანხმება რაც იყო, ეს საზოგადოებამ იხილა და იქ თეთრზე შავით წერია, რომ საერთოდ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს ისეთი კომპეტენცია, რომ პატიმრები გავათავისუფლოთ ციხიდან. მთავრობა ამას ვერ გააკეთებს. თუ ეს გადაწყვეტილება ზოგადად მიღებული იქნება, ამას იღებს პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ ამ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით. რა პასუხისმგებლობაც გვაქვს აღებული, ეს არის მოცმული ამ შეთანხმებაში და ჩვენს აღებულ პასუხისმგებლობას აუცილებლად პირნათლად შევასრულებთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება. არანაირი შეთანხმება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ყოფილა. შეგიძლიათ მოისმინოთ თუ გინდათ ჩვენი თანაგუნდელების განცხადებები რა განცხადებები კეთდებოდა ამ შეთანხმებამდე, შეთანხმების შემდეგ და ასევე, მოისმინოთ ოპოზიციის განცხადებები, რომ ეს პოლიტპატიმრების თემა არ უნდა ყოფილიყო საარჩევნო სისტემის შეთანხმების ნაწილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.