საუნივერსიტეტო კლინიკაში 11 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

საუნივერსიტეტო კლინიკაში 11 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 11 გამოჯანმრთელებული პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ გააკეთა. მისივე თქმით კლინიკიდან დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

„კლინიკაში არის 61 პაციენტი მოთავსებული, მათ შორის 46 კოვიდინფიცირებულია. ამ 46-დან სამია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში. დღეს გავწერეთ ოთხი პაციენტი და აღებული გვაქვს 11 მეორადი ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კიდევ რამდენიმე პაციენტს გავწერთ გამოჯანმრთელებულს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ორი ორსული გვყავს კოვიდინფიცირებული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, სხვა პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია და მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის ბლოკებში. ორი არასრულწლოვანი ამ 11 განმეორებით ტესტს შორის არ არის. გავაკეთეთ ორი დღის წინ მათი ტესტები და დადებითი პასუხი მივიღეთ და ამიტომ მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გვაქვს საშუალება, რომ გავიმეოროთ. დაველოდებით ორ დღეს და კიდევ ავიღებთ მათ ტესტებს. ორივე თავს კარგად გრძნობს, მაგრამ კორონავირუსზე დადებითი პასუხი უფიქსირდებათ. ახალი პაციენტი ჩვენთან ბოლო ოთხი დღეა, არ შემოსულა", - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.