მსოფლიომ ვირუსზე კონტროლის ძალიან მნიშვნელოვან დონეს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ კორონავირუსი პანდემიად არ ჩაითვალოს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.
მისივე თქმით, გრძელი გზაა გასავლელი მანამ, სანამ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით განგაში მოიხსნება.
„ამ გზაზე დიდი ხნის განმავლობაში ვიქნებით. ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ორი არჩევანია მხოლოდ: ან ჯანდაცვის გლობალური საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, ან არა. დროთა განმავლობაში რისკების შეფასების საფუძველზე შეგვიძლია შევამციროთ განგაშის დონე ეროვნულ, რეგიონალურ ან გლობალურ დონეებზე. ამ მომენტისთვის კი მივიჩნევთ, რომ რისკები ჯერ კიდევ მაღალია“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.