არჩილ თალაკვაძე: რაც შეთანხმებაში იყო დაწერილი, ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით შესრულდება

არჩილ თალაკვაძე: რაც შეთანხმებაში იყო დაწერილი, ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით შესრულდება

საუბარი იყო, მაგრამ თუ პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა თქვან, რა იყო ჩვენი პასუხები, ჩვენი პასუხები იყო, რომ ეს არის მიუღებელი, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი შეთანხმების საგანი ვერ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ელჩებს არ უთქვამთ და არ იტყვიან, რომ კონკრეტული პირების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. მისივე განმარტებით,ეს არც ტექსტში წერია და ის, რაც ტექსტში არ წერია, ბუნებაში ვერ იქნება შეთანხმების საგანი.

„ასეთი პირობა არ ყოფილა. ამიტომ, ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც უფრო ობიექტური უნდა იყოს, ვფიქრობ, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ინიციატივას. ჩვენ ჩვენს პირობას ვასრულებთ და შევასრულებთ ბოლომდე, რაც შეთანხმებაში იყო დაწერილი, ჩვენი მხრიდან ზედმიწევნით შესრულდება. თუ ასეთი დაპირება არ ყოფილა, რატომ საუბრობს ოპოზიცია და რატომ აკეთებს განცხადებებს, რომ თითქოს ჩვენ რაღაცას დავპირდით? ამის უკან არის მარტივი ლოგიკა, როდესაც მათ დაიწყეს ეს პოლიტიკური კამპანია, ქუჩაშიც იდგნენ და დესტაბილიზაციასაც ცდილობდნენ, მათ თავის მეგობრებს მისცეს კონკრეტული პირობები, მათ შორის იმ მეგობრებს, ვინც ახლა პატიმრობაში არიან. შესაბამისად, როდესაც ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ოპოზიციის მიერ ამ კონკრეტული საქმეების შეტანის თაობაზე, შესაბამისად, ისინი აღმოჩნდნენ საკუთარი პოზიციების, განცხადებებისა და დაპირებების ტყვეობაში, გამოვიდნენ და შეხვედრის დასრულებისთანავე გააკეთეს განცხადებები რაზე - ერთი მხრივ იყო დიდი მნიშვნელოვანი შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე, ამ დროს ადამიანები გამოდიან და აკეთებენ განცხადებას პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი და თავის მეგობრებთან პირი რომ არ გაეტეხათ და თავი ემართლებინათ, თვითგადარჩენის რეჟიმში გააკეთეს ეს განცხადებები. დიალოგისას დიახ, საუბარი იყო ამაზე, ოპოზიციამ ოთხივე შეხვედრაზე დააყენა ეს საკითხი, მაგრამ ასე მანიპულირება არ შეიძლება. ასეთი დემაგოგიით შორს ვერ წავალთ. საუბარი იყო, მაგრამ თუ პასუხისმგებლობა აქვთ, უნდა თქვან, რა იყო ჩვენი პასუხები, ჩვენი პასუხები იყო, რომ ეს არის მიუღებელი, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი შეთანხმების საგანი ვერ იქნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.