შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, ,,ბუღალტერთა კავშირის" წევრებთან ონლაინ კონფერენცია გამართა.
აღნიშნულ ვიდეო კონფერენციას თხუთმეტამდე ონლაინსაკომუნიკაციო ჯგუფი დაუკავშირდა. მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს.
ლევან დგებუაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია მოქალაქეთა მიზნობრივი სიციალური დახმარება და ბიზნესის ხელშეწყობა. ,,ყველა ის მოქალაქე, რომელმაც დაკარგა შემოსავალი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს მხარდაჭერას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები შეეხება სახელმწიფოს მიერ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებას, რაც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების მხარდასაჭერად, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მიზნობრივ დახმარებას შეეხება, " - განაცხადა ლევან დგებუაძემ.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე და კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და საშემოსავლო გადასახადის შეღავათით სარგებლობისთვის, ასევე დასაქმებულთა კომპენსაციის მისაღებად, შესაბამის უწყებებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.
ონლაინ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღალტერთა კავშირის" წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.