„ლიტჰაიკერი“-2020

„ლიტჰაიკერი“-2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთ  შესაძლებლობას აძლევს და იწყებს ლიტერატურულ კონკურსს „ლიტჰაიკერი“.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. „ლიტჰაიკერს“ წელს უნივერსიტეტი და "სულაკაურის გამომცემლობა" ერთობლივად ახორციელებენ.

ასევე წელს პირველად პროექტში 5 რეგიონული უნივერსიტეტი ჩაერთვება. ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.

კონკურსში ჩართვა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული. გამარჯვებულები გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასული სტუდენტი მიიღებს ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით და 500-ლარიან ვაუჩერს, მეორე ადგილზე გასული - 300-ლარიან, ხოლო მესამეადგილოსანი 150-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ასევე, დასაჩუქრდებიან თითოეული ტურის გამარჯვებულებიც, რომელთაც თსუ და „სულაკაურის გამომცემლობა“ საჩუქრად წიგნებს გადასცემენ.

შემეცნებითი კონკურსი ყოველწლიური პროექტია და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უკვე მეხუთედ ჩატარდება. 2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო, ხოლო 2016 წლიდან - გამომცემლობა "წიგნები ბათუმში".

პროექტის წლევანდელი პარტნიორი „სულაკაურის გამომცემლობაა“, რომელიც კონკურსის მონაწილეებს წიგნების შეძენისას სპეციალურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს.

პირველი ტური 16 მაისს იგეგმება.