ჩუღურეთის რაიონში, ბიზნესსექტორისა და მოქალაქეების მიერ შეგროვილი საკვები პროდუქტების, ასევე, პირველადი მოხმარების ნივთების დარიგების პროცესი გრძელდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სასტუმროების ქსელმა „ინნ ჯგუფმა“ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ, 50 მარტოხელა ხანდაზმულს, შ.შ.მ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს ნობათები გადასცა. ჩუღურეთის რაიონში, ნობათების დარიგების აქციაში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, „ინნ ჯგუფის“ და გამგეობის თანამშრომლებმა, ასევე, მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. „ამ მძიმე პერიოდში, ძალიან ბევრი კომპანია გვიდგას მხარში. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება და ძალიან ბევრ ოჯახს, ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდება მხარში ამოუდგა. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.