საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება დადგენილებაზე პრეზიდენტისა და პრემიერის ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, ხოლო თუ პარლამენტი ამ დოკუმენტს არ დაამტკიცებს, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ძალას კარგავს. ამის შესახებ “2020NEWS“-თან კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.
მისივე თქმით. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გაგრძელებას იგივე პროცედურა სჭირდება, რაც თავად გამოცხადებისთვის არის განსაზღვრული.
“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გაგრძელებას იგივე პროცედურა სჭირდება, რაც თავად გამოცხადებისთვის არის განსაზღვრული. ეს პროცედურა შემდეგია: საგანგებო მდგომარეობის დროს, პრემიერ-მინისტრი წარუდგენს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივას. თუ პრეზიდენტი მას დაეთანხმება, შემდეგ პრემიერი ინიციატივას კონტრასიგნაციას უკეთებს.
გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას პრემიერის კონტრასიგნაციის შემდეგ გამოაცხადებს. დოკუმენტი შემდეგ წარედგინება პარლამენტს, რომელიც გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს პარლამენტი, მაშინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დოკუმენტი ძალას კარგავს და უქმდება“,- განაცახდა მენაბდემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ დადგენილება დღეს გამოსცა და ეს ინიციატივა პარლამენტმა ხვალ განიხილა, ამაში არაკონსტიტუციური არაფერია.
„იმ შემთხვევაში, თუ დღეს პრეზიდენტმა და პრემიერმა საგანგებო მდგომარეობა დღეს გამოაცხადა და მას პარლამენტმა მხარი ხვალ დაუჭირა, ამაში არაკონსტიტუციური არაფერია“,- განაცხადა მენაბდემ.
ინფორმაციისთვის, ხვალ, 22 აპრილს პარლამენტი, სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ იმსჯელებს. რა ტიპის შეზღუდვები დარჩება ძალაში, ჯერჯერობით, უცნობია. ოპოზიცია არ აპირებს უაპელაციოდ დაეთანხმოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას, მმართველ პარტიას კი, თანხმობის გასაცემად, უმრავლესობის ხმათა რაოდენობა - 76-იც ყოფნის.