მოქალაქეებს, რომლებზეც ვრცელდება მთავრობის სუბსიდია კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით, თუმცა მათ სურთ, სოლიდარობის ნიშნად, არ ისარგებლონ ამ შეღავათით, საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ.
მოქალაქის მიერ ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება. პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.
იქიდან გამომდინარე, რომ კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე, მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალურ შეღავათებზე უარი დააფიქსირონ ყოველთვიურად - ყოველ თვეზე ცალ-ცალკე. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის დაფიქსირების ბოლო ვადაა 2020 წლის 11 აპრილი. ამასთანავე, თუ მოქალაქეებს, არ სურთ შეღავათით სარგებლობა, აღნიშნული სურვილის დაფიქსირება შესაძლებელია ერთიანად - სამივე თვეზეც.
კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.