ყველაზე მთავარი სიახლე არის ის, რომ მსოფლიოში დადებითი ტენდენციები გამოჩნდა, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა დოქტორმა, მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
ქართველმა ექიმმა კორონავირუსთან დაკავშირებით, ამერიკაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„ყველაზე მთავარი სიახლე არის ის, რომ დადებითი ტენდენციები გამოჩნდა. ამერიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავ ნიუ-იორკში ფიქსირდება, ასევე ნიუ-ჯერსიში, სადაც ქართველთა უმეტესი რაოდენობა ცხოვრობს. შემდეგ მოდის ლუიზიანა, მიჩიგანი და სხვა შტატები“, - განაცხადა მაჩაიძემ.
მისივე თქმით, გუშინ ნიუ-იორკში სიკვდილიანობის ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.
„ეს უკვე არის პირველი ნიშანი და არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის შემთხვევები ახლავე დაიწყებს კლებას. თუმცა, ნიშანია, რომ გავდივართ პლატოზე ნიუ-იორკის შტატის შემთხვევაში და ანალოგიური ხდება ევროპის უმეტეს ქვეყანაში, თუ არ ვცდები ბრიტანეთის გარდა. იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში პიკი დაღმა სვლას იწყებს“, - განაცხადა მაჩაიძემ.
მისივე თქმით, პიკის გადავლა არის ბუნებრივი, მაგრამ როგორი ფორმა ექნება პიკის მრუდს, რამდენად მაღალი იქნება პიკი და დროში გაწელილი, ეს არის დამოკიდებული თითოეული ადამიანის ქცევასა და სახელმწიფოების რეაგირებაზე. თუ რა ზომებს გაატარებენ მთავრობები.