ბრიტანულ მაუწყებლებს სანქციები დაუწესდებათ, თუ ეთერში კორონავირუსის შესახებ ცრუ ინფორმაციას გაავრცელებენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს. გამოცემის ცნობით, მათ მედიამარეგულირებლის გაფრთხილება უკვე მიიღეს.
კერძოდ, ბრიტანულმა რადიოსადგურმა Sussex-მა მკაცრი გაფრთხილება მიიღო მას შემდეგ, რაც ეთერში გადასცა შეთქმულების უსაფუძვლო თეორია, თითქოს პანდემია 5G ქსელის გაშვებას უკავშირდება.
მსგავსი გაფრთხილება მარეგულირებელმა რადიოსადგურ Uckfield FM-საც გაუგზავნა. რადიოს ეთერში რესპონდენტმა, რომელიც წარდგენილი იყო, როგორც ექთანი, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ ჩინეთში ქალაქ უჰანში 5G ტექნოლოგიის გაშვება ეპიდემიას უკავშირდებოდა და რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული რესპონდენტი ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკოსი იყო, ხოლო მედიის მარეგულირებლის მტკიცებით, „მისი განცხადება არ ეყრდნობოდა სამეცნიერო მტკიცებულებებს“.
ბრიტანულმა მარეგულირებელმა Ofcom-მა დაადასტურა, რომ იგი აქტიურად აკონტროლებს ტელევიზიასა და რადიოსადგურებს, რომლებიც Covid-19- ის მიზეზებისა და წარმოშობის შესახებ შესაძლოა პოტენციურად მავნე შეხედულებებს გადასცემენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.