ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
"მიწა დაამუშავე - შესანიშნავი გამოსავალია პოსტ-პანდემიური კრიზისის დასაძლევად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ლოზუნგია! ლოზუნგადვე დარჩება, თუ საქმე არ მოჰყვა! მიიჩნევა, რომ ქვეყანას 800 000 ჰა სახნავ-სათესი მიწა აქვს, მაგრამ ცხადია, თეორიულადაც კი, წლეულს მხოლოდ მისი ერთი მესამედზე ცოტა მეტის,- სადღაც 300 000ჰა-მდე ათვისება თუ მოვახერხეთ, დიდი ვაჟკაცობა იქნება.
ხეირიანად ისიც კი არ ვიცით, რამდენი რა კულტურა გვჭირდება და თითოეულის მოსაყვანად რა რესურსია - აგროტექნიკა, მუშახელი,სათესლე თუ სანერგე მასალა, სასუქი და ა.შ. საჭირო და რა დაჯდება, ხარჯი რა გვექნება... მიწათსარგებლობის კადასტრი არა გვაქვს, მიწათმოწყობა არა გვაქვს, კოოპერაცია ჩანასახშია და რენტაბელური აგრარული ინდუსტრია არა გვაქვს, რეგულირებადი ბაზარი არა გვაქვს, მიწის რეფორმა არც კი დაგვიწყია და ა.შ და ა.შ. უკვე გაზაფხულის შუაწელია. მოსამზადებელი სამუშაოების ვადა იწურება და ნეტა მართლა შევძლოთ და 300 000 ჰა-დავამუშავოთ (შარშან თუ არ ვცდები 220 ათას. ჰა-მდე დამუშავდა)
ახლავე, წელსვე თუ არ დავიწყეთ, გაისადაც ასე ცარიელზე დავრჩებით. დაწყება კი ნიშნავს: მიწის სრულმასშტაბიან რეფორმას ანუ ჯერ კიდევ ქაოტური მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის კომპლექსურ მოწესრიგებას. ესაა - მიწათსარგებლობის აღრიცხვის და მიწათმოწყობის სისტემის აღდგენა, მომავალი წლისთვის მაინც სასურსათო უზურნველყოფისათვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტრატეგიის ახლავე დაგეგმვა. ცხადია, არა მაქვს მხედველობაში ე.წ. დირექტიული, საბჭოთა სტილის დაგეგმვა. არამედ - სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა დათვალოს და გამოაქვეყნოს: მომავალი წლის ეროვნული საბაზრო მოთხოვნა ისეთ საკვებსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაზე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა აგრო-სამეურნეო ზონებში მოდის; თითოეული კულტურის სავარაუდო საჰექტარო მოსავლიანობა შესაბამისი ზონების მიხედვით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მიწათსარგებლობის კადასტრის შედგენა და მომზადდეს სიტუაციური ანალიზი, რათა მოხდეს სტრატეგიული დაგეგმვა - საორიენტაციოდ რა და რამდენი ჰა უნდა დაითესოს, რამდენზე უნდა გაშენდეს ბაღი, რამდენი უნდა იყოს ვენახი, ბაღჩა, ბოსტანი, საძოვარი თუ სათიბი და ა.შ. რათა სურსათზე მოთხოვნა შიდა წარმოებით დაბალანსდეს; უნდა ქვეყნდებოდეს სანდო ინფორმაცია, რაც ფერმერებისთვის საორიენტაციო იქნება და მათ საბაზრო რისკების სწორედ შეფასებაში დაეხმარება: ამა თუ იმ კულტურაზე სავარაუდო წლიური მოთხოვნა, სავარაუდო მოსავლიანობა ჰექტარზე სხვადასხვა ზონებში, მოთხოვნა-მიწოდების სავარაუდო ბალანსი და სავარაუდო ფასი შიდა თუ მსოფლიო ბაზრებზე და ა.შ. და ა.შ.
პარალელურად, უნდა გატარდეს მიწათმფლობელობის კომპლექსური რეფორმა (უწინარესად - სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწა, რაც კერძო საკუთრებაში არ არის, ან ჯერ ისევ დაურეგისტრირებელია, უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში და სასოფლო თემებს მუდმივ და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით), მოხდეს ქმედითი ეკონომიკური სტიმულირებით წვრილი მეურნეობების გამსხვილება, მათი ინდუსტრიალიზაცია კოოპერაციის გზით, მოხდეს კვების მრეწველობისა და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის სერიოზული ინვესტირება და სხვ. და სხვ.
ეს ყველაფერი რომ მოესწროს მომავალ გაზაფხულამდე - კორონას ძეგლი უნდა დაუდგათ, რომ ეს შეგვაძლებინა!"
მარტო საქარის საცდელ სადგურის ლიკვიდაცია იყო საკმარისი მარცვლეულის წარმოებისა და მევენახეობის გასანადგურებლად. თითქოს არც არსებულა ის გაქრა ქუთაისის მეაბრეშუმეობის საცდელი სადგური თავისი უძრავი ქონებითა და საცდელი ნაკვეთებით. თუმცა ახლა ამაზე მსჯელობის დრო არ არის.
მთავრობამ ახლავე უნდა მიხედოს სოფელს. ხალხი დაბნეულია. თუ ყურადღება არ იგრძნო უიმედობაში ჩავარდება და ქალაქის კი არა საკუთარ გამოსაკვებ სარჩოსაც ვერ მოიყვანს.
დღეს ვირუსს სახლებში ვემალებით, მაგრამ შიმშილს სად დავემალოთ? ამას ხელისუფლება სამ- ოთხ თვეში კარანტინით ვეღარ უშველის.
სწორედ ახლაა საჭირო უფასო ხვნა-თესვა, სათესლე მასალა და სასუქები სოფლისათვის. თანაც მხოლოდ ნატურით გასანაღდებელი ვაუჩრებით.
პოსტკრიზისული რესურსების უმეტესი წილი სასურსათო უზრუნველყოფაზე უნდა იქნას მიმართული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ყველა საწარმო უნდა ამუშავდეს, რა თქმა კარანტინის წესების სრული დაცვით.
ჭირისაგან საყოველთაო დამალვის პოლიტიკამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ახლა უკვე უფრო დეტალიზებული წესების შემოღებაა საჭირო, რომ თან საქმეც ვაკეთოთ.