ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე, კორონავირუსის მიერ შექმნილი ვითარების გამო, ბანკების მიერ სესხების გადავადების პოლიტიკას აფასებს სოციალურ ქსელში:
„თიბისი“ (სხვებსაც გეხებათ), თქვენ სესხი კი არ გადაავადეთ, მოატყუეთ ხალხიც, მთავრობაც და, უბრალოდ ვადის გადაწევის ნაცვლად, კლიენტებს ავტომატურ რეჟიმში, თუ უარის თქმას ვერ მოასწრებენ, სესხზე სესხს უმატებთ. სინამდვილეში რა გააკეთეს:
3 თვით გადაგიწევენ სესხის დაფარვის ვადას. ანუ, თუ ამთავრებდით დაფარვას 2022 წლის იანვარში, დაამთავრებთ მარტში. ამავე დროს, ამ სამი თვის გადავადების გამო არგადახდილ პროცენტს გადაგინაწილებენ და 2022-ის მარტამდე დამატებით გადაიხდით. სესხის ხანგრძლივობა იგივე გრჩებათ. გადასახდელ თანხაზე გიმატებენ ამ სამი თვის გადავადების გამო დარიცხულ პროცენტს. ფაქტიურად გვაჯარიმებენ. უფრო სწორად სესხზე სესხს გვიმატებენ. არადა, უნდა ყოფილიყო ორიდან ერთერთი ვარიანტი: 1. ან უბრალოდ 3 თვით უნდა გადაეწიათ გრაფიკი, ანუ 3 თვით გვიან დაამთავრებდით დაფარვას. 2. ან ამ სამი თვის შესატანი თანხები უნდა გადაენაწილებინათ დარჩენილ თვეებზე ბოლო თვის გადაწევის გარეშე. ამათ გრაფიკიც გადაწიეს 3 თვით და 3 თვის პროცენტიც გადაანაწილეს. ვისაც არ გჯერათ, წაიკითხეთ ქვემოთ 7,8,9 პუნქტები:
თიბისის მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით – 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას თიბისის დისტანციური არხებით მიიღებენ.
- ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?
- ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც თიბისი ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით;
- რომელ პროდუქტებს შეეხება?
- საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:
- იპოთეკური სესხები
- სამომხმარებლო სესხები
- სასწრაფო სესხი
- ავტო სესხები
- განვადება
- საკრედიტო ბარათები
- ოვერდრაფტი
- ლომბარდი
- სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხები;
- რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ რამდენი გადახდა არ უნდა გადავიხადო ბანკში?
- საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას;
- როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?
- საშეღავათო პერიოდის ჩართვა 2020 წლის 13 მარტიდან დაიწყო;
- თუ გადახდა მიწევს დღეს ან მომდევნო კვირაში რა მოხდება? - ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სესხის გადახდა უწევდა 13 მარტიდან შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით;
- გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?
- არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთები არ შეიცვლება.
- გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?
- დიახ, სესხის ვადა გაიზრდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი;
- გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?
- ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;
- საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?
- დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე;
- 1 პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?
- არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;
- რამდენიმე სესხი თუ მაქვს შემიძლია თუ არა ავირჩიო რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა?
- ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში – არც ერთზე; ბიზნეს სესხების და სტატუს მომხმარებლების შემთხვევაში მოხდება ინდივიდუალური განხილვა;
- თუ არ მინდა საშეღავათო პერიოდით სარგებლობა და სესხის ვადის გახანგრძლივება?
- შესაძლებლობა გექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსიროთ უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობასა და სესხის ვადის გახანგრძლივებაზე, მას შემდეგ, რაც ბანკისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას; შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლებთან დაიწყება 16 მარტიდან ეტაპობრივად;
- ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციით, გავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი?
- თუ მიმდანარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020-ის თებერვლის თვეში, რომელზეც ვრცელდებოდა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება); ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება +2 თვე);
- როგორ გაიგებს მომხმარებელი თარიღის გადაწევის შესახებ? - 16 მარტიდან ეტაპობრივად მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით. 20 მარტამდე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უარი თქვან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი;
- რა პროცესით მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა?
- ფიზიკური პირების შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გააქტიურება მოხდება ავტომატურად, გარდა იმ პირებისა, ვინც უარს იტყვის“, – წერს ამირან სალუქვაძე.