ნიკოლ ფაშინიანი:  „საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან“

ნიკოლ ფაშინიანი:  „საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან“

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან“.

„როდესაც მე ვხვდები ხოლმე, მაგალითად, გერმანიაში მცხოვრებ სომხებს და როცა მეკითხებიან სომხეთში დაბრუნებაზე, ეს ჩემთვის გასაგები თემაა… მაგრამ თბილისში, საქართველოში მცხოვრები სომხების მხრიდან მსგავსი შეკითხვა რაღაც კითხვებს მიჩენს, რადგან მე ვთვლი, რომ თბილისში მცხოვრები სომხები სამშობლოში ცხოვრობენ. ამით მე მინდა ვთქვა, რომ დიახ, თბილისში მცხოვრებმა სომხებმა და მთლიანად საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან“, – თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მის ამ პასუხს დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ (სომხებმა), როგორც ხალხმა, მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, განვითარებული, სტაბილური და ძლევამოსილი და საქართველომაც მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოს, რომ სომხეთი იყოს ძლიერი, განვითარებული და სტაბილური სახელმწიფო“, – განაცხადა მან.