ჯემალ გამახარია: რუსების მხრიდან აფხაზებზე შურისძიებას აქვს ადგილი

ჯემალ გამახარია: რუსების მხრიდან აფხაზებზე შურისძიებას აქვს ადგილი

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ეხმაურება. ჯემალ გამახარია მომხდარში რუსეთის კვალს ხედავს და მიიჩნევს, რომ ოკუპანტი სახელმწიფო აფხაზების მიმართ შურისძიებით არის დაკავებული.

"რუსეთი იძულებული იყო, ასლან ბჟანია ე.წ. არჩევნებზე დაეშვა, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად გაიაზრეს მოვლენების შესაძლო განვითარება. ბჟანია არის ოპოზიციის აშკარა ფავორიტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მის შტაბს სათავეში ალექსანდრე ანქვაბი ჩაუდგა. ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ეს გუნდი გაიმარჯვებდა. ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ რჩებოდათ, ეს იყო ასლან ბჟანიას საარჩევნო პროცესებიდან ჩამოშორება, როგორც ეს შარშან გაკეთდა. რუსების მხრიდან აფხაზებზე შურისძიებას აქვს ადგილი. რუსეთი აფხაზებს უჩვენებს, რომ აქ ბატონი მე ვარ და უნდა გავიდეს ჩემი კანდიდატი! მისი კანდიდატი კი ადგურ არძინბაა", - განაცხადა ჯემალ გამახარია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები „პრეზიდენტის ადმინისტაციასთან" შეიკრიბნენ და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან რაიონის ადმინისტრაციის ყველა ე.წ. ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. შენობის მეორე მხარეს ბჟანიას მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი.

2020 წლის 17 თებერვალს დე ფაქტო ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებად ადგურ არძინბა, ლეონიდ ძიაფშპა და ასლან ბჟანია დაარეგისტრირა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის პოსტი 13 იანვარს დატოვა. ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. მასთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.