“ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ დაბალის რისკის ქვეყანად დარჩენა, სახელმწიფოს ეფექტიანი ზომების მიღებამ განაპირობა, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „არენა”-ს ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, იმ დეზინფორმაციის მიუხედავად, რომელსაც ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს, ჯანდაცვის სისტემამ დროული საპასუხო ზომები მიიღო.
„საპასუხო ღონისძიებები გატარებული იყო ძალიან დროულად და ეფექტიანად. ეს ერთი. და მეორე ის, რომ შინაგანი ორგანიზებულობა გამოიჩინა ქართულმა საზოგადოებამ, ითანამშრომლა ჯანდაცვის და არამარტო ჯანდაცვის, სხვა სამსახურებთან. იმანაც იმოქმედა ალბათ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მართალია, გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა სწორე იმ ქვეყნებთან, სადაც დიდი რაოდენობაა ინფექციების, ეს არის, ჩინეთი, იტალია, ირანი, მაგრამ მაინც შედარებით შეზღუდულია ეს კონტაქტი და მიმოსვლა და უფრო იოლად მოხერხდა იგივე ფრენების შეჩერება, იგივე შემოვლით შემოსული პიროვნებების კონტროლი და სხვა, მოკლედ, ეს კომპლექსურია, რამაც განაპირობა ის, რომ საქართველო ჯერჯერობით რჩება დაბალი რისკის ქვეყანად, მაგრამ წამყვანი აქ იყო ეფექტური და დროული საპასუხო ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ცერცვაძემ.