დღევანდელი მონაცემებით, თებერვლის დასაწყისიდან დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 217 შესაძლო შემთხვევა. ეს ადამიანები იყვნენ და არიან კვლევის და დაკვირვების ფაზაში. აქედან დღეის მდგომარეობით, ფიქსირდება მხოლოდ სამი შემთხვევა. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად კარანტინში 150-მდე ადამიანი იმყოფება და ისინი სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული.
„კორონავირუსით დაინფიცირებული სამივე ავადმყოფი, რომლებიც მოთავსებული არიან ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს კარგად გრძნობენ, ერთ-ერთ მათგანთან არის მცირე სიმპტომები, მაგრამ სამივე პაციენტის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია.
ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს დილიდან ლუგარის ლაბორატორიაში სხვადასხვა საავადმყოფოდან გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში და ყველა ეს ნიმუში უარყოფითია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.