არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი

მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს დაბალი მხარდაჭერა და ჰყავს ძალიან მძიმე ბიოგრაფიის ლიდერები, რომლებიც საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ, რადგან ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვთ, მე პირადად მოველი, რომ ამ კვირაში ისინი ბოლოჯერ გაააქტიურებენ თავის ლობისტურ რესურსებს, თავის კონტაქტებს და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მიიღონ გარედან ისეთი ტიპის მხარდაჭერა, რომელიც მათ შიდა მოლაპარაკებებში შეიძლება გამოადგეთ ამ მანდატებით ვაჭრობის პროცესში- ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი.

„პირდაპირ გეუბნებით, რასაც ოპოზიციის ეს ერთი კონკრეტული ნაწილი აკეთებს, ერთი მხრივ, არის ხალხის ინტერესებით და ხალხის ხმებით ვაჭრობა, მანდატებით ვაჭრობა, მეორე მხრივ, ზუსტად ეს პოლიტიკური ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ხედავენ და ეს მოლაპარაკებების პროცესში ჩანს. გაკეთდა საჯარო განცხადებებიც, სადაც ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. მეც გიდასტურებთ, რომ ახლა შეთანხმების შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას შეთანხმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს კინზინგერი და სხვა კონგრესმენები საქართველოში მოვიწვიე, რომლებიც ქვეყანასთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამენ. ძალიან წაგვადგება, თუ კონგრესმენები შეთავაზებას მიიღებენ და საქართველოში ჩამოვლენ. ეს ხშირი პოლიტიკური ვიზიტები და ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში. მინდა, ოპოზიციის ამ ნაწილს პირდაპირ ვუთხრა – დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ეს არის წარმოუდგენელი და ნურავინ ეცდება, რომ ჩვენი მეგობრების განცხადებების გადაფარვას ისე, თითქოს, ეს არის რაღაც მათთვის პირადი მხარდაჭერა. მეტსაც გეტყვით, რომ კონგრესმენების განცხადებები მხოლოდ ერთადერთს ადასტურებს-საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა, ოპტიმიზმი და ინტერესი“, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

1-ელ მარტს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სამართლიანი და პრაგმატული პირობები შესთავაზა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ბოლო კვირის განმავლობაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩთან და გერმანიის საელჩოში შეხვედრები გამართეს. 25 თებერვალს კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.