პოლიტპატიმრები არიან გამოსაშვები, პოლიტიკური დევნა შესაწყვეტია. სხვა შემთხვევაში საარჩევნო მოდელებზე საუბარი აზრს მოკლებულია. მე ეს მგონია პრინციპული საკითხი, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, როგორი იქნება „გირჩის“ პოზიცია, თუ ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დაუჭერენ მხარს საარჩევნო მოდელს, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ ამ ფორმატში მოხდება შეთანხმება, „გირჩი“ მის შინაარსს გაიზიარებს.
1-ელ მარტს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სამართლიანი და პრაგმატული პირობები შესთავაზა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
ბოლო კვირის განმავლობაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩთან და გერმანიის საელჩოში შეხვედრები გამართეს. 25 თებერვალს კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.