ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის იდეები მიუღებელია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„არაფორმალურ გარემოში ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული იდეები არის მიუღებელი, მაგრამ ვერ გეტყვით რატომ არის მიუღებელი. კეთილი ინებონ, ჩაატარონ ბრიფინგი და საზოგადოებას დეტალურად გააგებინონ თავიანთი წინადადება, ბოლოს და ბოლოს თუ რამის გაკეთებას აპირებენ გამოვიდნენ ჩვენთან ერთად და მოუყვნენ საზოგადოებას თავისი წინადადება“, - განაცახდა გრიგოლ ვაშაძემ.
1-ელ მარტს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა, რომლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სამართლიანი და პრაგმატული პირობები შესთავაზა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
ბოლო კვირის განმავლობაში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ევროკავშირის ელჩთან და გერმანიის საელჩოში შეხვედრები გამართეს. 25 თებერვალს კი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში.