ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია „ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მას ერთ-ერთ საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი აქვს, სადაც იგი არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ეზუგბაიას განცხადებით, საკარანტინო ზონაში მოთავსებულ პირებს შესაბამისი პირობები აქვთ შექმნილი, ისინი უზრუნველყოფილი არიან საკვებით. ჭიაბერაშვილის განცხადებას კი სიცრუე უწოდა.
„ნებისმიერი პაციენტი, რომელიც ჩვენთან წვება, ვეუბნებით, რომ დადასტურების შემთხვევაში აგრძელებენ მკურნალობას ჩვენს ცენტრში, უარყოფის შემთხვევაში გადადიან საკანატინო სივრცეში. ეს სივრცე არ ვიცი რომელი იქნება. ყველა ინფორმირებულია, რომ შემდეგ პრობლემები არ შეგვექმნას.
„ეს არის აბსოლუტური სიცრუე. საკანატინო ზონაში არიან ჯანმრთელი ადამიანები, ვისაც გამორიცხული აქვთ ეს ინფექცია. იმათ არაფერი არ სჭირდებათ. უნდა იყვენენ იქ. ნეტავ მეც დამსვა კარანტინში, დამასვენა...
„არის საკარანტინო სივრცე, ყველას თავისი ოთახი აქვს გამოყოფილი, უზრუნველყოფილი არიან საკვებითა და წყლით. მესმის, რომ ძალიან რთულია იყო ორი კვირა სხვაგან. როდესაც გამოერიცხებათ ხოლმე ინფექცია, შემდეგ უკვე დიდგულობენ," - უთხრა „რეზონანსს" ეზუგბაიამ.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჩანაწერში ეს პირი ყვება, რომ საკარანტინო შენობაში, გუშინ ღამით ყველანაირი განმარტების გარეშე მოათავსეს. მისივე ინფორმაციით, ამ შენობაში მყოფ ადამიანებზე მეთვალყურეობას არავინ ახორციელებს, მათ შორის არც მედპერსონალი და არც პოლიცია.
ამასთან, მისივე განცხადებით, აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი. მისივე თქმით, საკარანტინო შენობების სათანადო პირობებით უზრუნველყოფა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ადამიანი კლინიკების მიმართვისგან თავს შეიკავებს, რაც ვირუსის გავრცელების რისკს ქმნის.