შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.გ., „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ – ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა.
ქურდული გარჩევის შედეგად, „კანონიერმა ქურდებმა“ ფინანსური დავა პ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის – დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პ.გ. ქუთაისში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულის მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდა.